ახალი ამბები
სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი სტენსილისთვის "გახარია, წადი" დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი მარიამ სიჭინავა სტენსილის "გახარია, წადი" განთავსებისთვის დააჯარიმა. საქმეზე პროცესი დღეს გაიმართა. როგორც სიჭინავამ რადიო "ათინათს" უთხრა, მოსამართლემ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა და 500 ლარით დააჯარიმა. მარიამ სიჭინავა გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს, თუმცა, ამბობს, რომ არც ამ შემთხვევაში აქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი.

"არ მაქვს რამის შეცვლის იმედი, თუმცა მაინც გავასაჩივრებ. მოსამართლემ არანაირი გარემოება არ გაითვალისწინა", - გვითხრა სიჭინავამ.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტ მარიამ სიჭინავას 500 ლარიანი ჯარიმის ოქმი 6 აგვისტოს გამოუწერეს. ოქმი მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეადგინეს.

თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების დაჯარიმებას ითხოვს. საუბარია სტენსილის „გახარია, წადი“ გადაღებვაზე.
Print