ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმა ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე #1 უბანზე მისცა.

"მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას. როგორც იცით, ზუგდიდში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ და გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი. ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორ წესი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ფორმით უნდა მოხდეს უგულებელყოფა იმ დემოკრატიული პროცესის, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და გააკეთებენ საკუთარ არჩევანს", - აღნიშნა კანდიდატმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის ზუგდიდშიც ჩატარდება. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. ზუგდიდში, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები გავიდნენ, თუმცა ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილმა მალხაზ ჯალაღონიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Print