რეგიონი
შტორმი, მეწყერი, დატბორილი სახლები - სტიქია ზუგდიდში
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.

სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვაქვს მეწყერული ზონები, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზების ჩაკეტვა, თუმცა ამ პერიოდისთვის ყველა გზა გაწმენდილია და აღდგენილია საავტომობილო გზებზე მოძრაობა. ასევე, სანაპირო ზოლზე მოიმატა მდინარე ენგურის ნაკადმა, რამაც შექმნა მნიშვნელოვანი საშიშროება მოსახლეობის დატბორვის. ამ ეტაპისთვის ხორციელდება მდინარე ენგურის შესართავთან ახალი, დამატებითი არხების გაჭრა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი დატბორვის საშიშროება ავარიდოთ. იწმინდება მთელი სანაპირო ზოლი ნატანი მასისგან და მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

გაწმენდით სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო - პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.

ამავე თემაზე:

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები

სტიქიამ პრობლემები შექმნა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში - სოხუმი

რა მდგომარეობაა სამეგრელოში სტიქიის ზონებში - მხარის ადმინისტრაციის ინფორმაცია

ხობში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა




Print