ახალი ამბები
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ასობით ოჯახი დახმარებას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა რეგიონს.

სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი კომისიები დილიდან მუშაობენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვლელად. 

ამავე ცნობით, რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმოკლეს დროში აღდგენის საკითხები განიხილეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო თათბირზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

მათივე განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა, ძლიერმა წყალმოვარდნებმა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ კი წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებს მიადგა. წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა: ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.


ამავე თემაზე:

რა მდგომარეობაა სამეგრელოში სტიქიის ზონებში - მხარის ადმინისტრაციის ინფორმაცია

შტორმი, მეწყერი, დატბორილი სახლები - სტიქია ზუგდიდში

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია





Print