ახალი ამბები
გაგრაში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალეს
გაგრის რაიონში წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 60 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა, ამის შესახებ, გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხანა გუნბამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
გუნბას თქმით, ამ ეტაპზე მატერიალური დახმარება, 100 - დან 500 ათასი რუბლის ოდენობით, 80 - მდე დაზარალებულ ოჯახს გაეწევა.

8-9 ივლისის ღამეს გაგრის რაიონში მოსულმა ძლიერი წვიმამ 1200 - ზე მეტი სახლი დატბორა და დააზიანა, დაინგრა გზები, ჩამოირეცხა სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთები, დაზიანდა 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი.

სტიქიის ეპიცენტრს წარმოადგენდნენ სოფლები: ლიძაა, ალაჰაძი, ასევე დაბა ბზიფი და ქალაქ გაგრის ნაწილი.

11 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა "სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის რესპუბლიკური შტაბი", რომელიც კოორდინაციას უწევდა შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი ე.წ. ადმინისტრაციის მუშაობას.

17 ივლისს გაგრაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელი პუნქტი გაიხსნა.



Print