ახალი ამბები
ზუგდიდიდან რაჭაში სტიქიის ზონაში მოხალისეები მიემგზავრებიან
ზუგდიდიდან რაჭის მიმართულებით სტიქიის ზონაში მოქალაქეთა ჯგუფი მიემართება. ერთ-ერთმა მოხალისემ, ვიკა ფილფანმა მანამდე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საჭირო ნივთების ჩამონათვალია მოცემული და  მითითებულია ანგარიშის ნომრები დახმარების მსურველთათვის.

"ამ ეტაპზე რამდენიმე მოლაშქრე მეგობარი შევიკრიბეთ, სხვადასხვა პოლიტიკოსთან და აქტივისტთან ერთად, ხოლო მოგვიანებით რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ახლა მიმდინარეობს პროდუქტების შეძენის პროცესი და მოქალაქეთა ჩართულობით ორი მანქანა უკვე დატვირთულია საჭირო ნივთებით", - უთხრა რადიო "ათინათს" ვიკა ფილფანმა.

მისივე თქმით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ უკეთ გაეცნობიან საჭიროებებს და დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ემსხვერპლა 12 ადამიანი.


Print