ახალი ამბები
გაგრაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას გადასცემენ - მედია
გაგრაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის სახით 40 მილიონ რუბლს მიიღებს, ამის შესახებ აფხაზურ მედიას რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხანა გუნბამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ფინანსურ მხარდაჭერას, 2023 წლის ბოლომდე, 464 ოჯახს გაუწევენ, საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთა საცხოვრებელი სახლი დაიტბორა ან დაინგრა. ამავე ცნობით, 135 ოჯხამა უკვე მიიღო მატერიალური დახმარება.

მიმდინარე წლის 8 - 9 ივლისს წყალდიდობის შედეგად გაგრის რაიონში 1200 - მდე სახლი დაიტბორა. ყველაზე მეტად დაზარალდა სოფლები ლიძავა, ალახაძი, კოლხიდა და ბზბიფი, ასევე ქალაქ გაგრის ნაწილი.

სტიქიის შედეგად დაინგრა გზები, ჩამოირეცხა სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთები, დაზიანდა 100 - ზე მეტი ტურისტული ობიექტი.

13 აგვისტოს დილით გაგრის რაიონში ისევ მოვიდა ძლიერი წვიმა, რომელმაც დაბა ფსახარაში კერძო სახლები, ასევე სადგურის ტერიტორია და ქუჩები დატბორა.

იმავე დღეს, რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე ორ ადგილას ღვარცოფი ჩამოწვა. თუმცა, გზა შესაბამისმა სამსახურებმა მალევე გაწმინდეს და მოძრაობა აღდგა.





Print