ახალი ამბები
ზუგდიდელ დეპუტატსა და მის ოჯახს დაუდეკლარირებელი ქონება და კომპანიები აქვთ - TI
საქართველოს პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და უთითებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ თოლორაია, რომელიც 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

"ედიშერ თოლორაიას ოჯახს ეკუთვნის სამი დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 153.5 კვ.მ
ავტოსადგომი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე - 25 კვ.მ
მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში - 4,567 კვ.მ

თოლორაიას ოჯახთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანიები:

თოლორაიას მეუღლე, მაკა ღურწკაია ფლობს შპს კერა 2011-ის 100% წილს.
მისი დედა, ლამარა გორდულავა ფლობს შპს ევროლუქსი 2011-ის 100%-იან წილს.
ლამარა გორდულავა ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

ედიშერ თოლორაია, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს თოლორაიას დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა", - ვკითხულობთ TI-ის ინფორმაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

რადიო "ათინათმა" თოლორაიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, სამუშაო ნომერზე კი არავინ გვიპასუხა.
Print