ახალი ამბები
გაგრაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
გაგრის რაიონში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამის შესახებ "აფსნიპრესს" გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ადამურ ციშბამ უთხრა.

"ნაპირზე ქვაფენილი ნაწილობრივ ჩამოირეცხა, ქარიშხალმა ასევე დაანგრია ბეტონის ბარიერების უმეტესი ნაწილი. ზღვამ ქვიშის უზარმაზარი მასა გამოიტანა. ახლა შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ და გააქვთ ის სანაპირო ზოლიდან ", - განაცხადა მან.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გაგრის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, რადგან დაზიანებულია სატუმბი სადგურები, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.

ინფორმაციისთვის, 27 - 28 ნოემბერს შვიდბალიანმა შტორმმა გაგრის სანაპირო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები დააზიანა. ტალღებმა დატბორა სატუმბი და სატრანსფორმატორო ქვესადგურები და ქალაქის ცენტრალური წყალსადენი. დატბორილი ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

Print