ახალი ამბები
გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს დამნაშავეების დაკავების შესახებ მედიისგან აქვს ინფორმაცია
გალის რაიონში, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მილიციის მიერ სასტიკად ნაცემი და გარდაცვლილი თემურ კარბაიას ოჯახი აცხადებს, რომ დამნაშავეთა დაკავების შესახებ მედიისგან შეიტყეს.

გარდაცვლილის ძმისშვილი რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ ოჯახს სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

"არაფერი არ ხდება ახალი, ჩვენც არ ვიცით, არ ვართ საქმის კურსში. ჩვენც უნდა გადავიდეთ აფხაზეთში", - ამბობს ლიზი კარბაია.

მისი თქმით, გარდაცვლილი თემურ კარბაიას ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა.

"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რადგან აზრი არ აქვს. იქ აფხაზეთია, მანდ განუკითხაობა ხდება, მაინც თავის ხალხს დაიცავენ, მეტი არაფერი. სახლში მიდიოდა და გააჩერეს შემოწმების მიზნით. ჩატეხილი აქვს ოთხი ნეკნი, ფილტვი, სასულე არტერია და ღვიძლი და დაახლოებით, ერთ დღეში გარდაიცვალა საავადმყოფოში", - თქვა მან.

შეკითხვაზე, თუ ვინ მიიყვანა გარდაცვლილი სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის წევრი გვპასუხობს, რომ სახლამდე თვითონ მივიდა და შემდეგ, მისმა ბიძაშვილებმა და ახლობლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გარდა ამისა, კარბაიას განმარტებით, ოჯახი ითხოვს დამნაშავეთა დასჯას.

თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე განცხადება სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არა მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.


ამავე თემაზე:

ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი

საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, თუმცა არა - უკანონოდ დაკავების მცდელობას - სუს-ი

Print