ახალი ამბები
კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, - აფხაზეთის დე ფაქტო შსს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ გალის მცხოვრებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითდაზიანება სცადა. უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მოთხოვნის პასუხად მიაწოდა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 6 დეკემბერს გალის რაიონის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

"შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი კარბაია პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში გადაიყვანეს", - ვკითხულობთ "უწყების" განცხადებაში. 

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თემურ კარბაია "აგრძელებდა უხამსი სიტყვების გამოყენებას პოლიციელების მისამართით და არ რეაგირებდა სამართალდამცველების შენიშვნებზე".

ე.წ. შსს-ს მტკიცებით, გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილმა კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, რის გამოც, ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, "მედიკამენტოზური ჩარევისთვის".

ამავე ცნობით, 7 დეკემბერს, დილის 8:50 საათზე, "პრევენციული საუბრის" შემდეგ კარბაია გაათავისუფლეს.

თუმცა, შემდგომში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. 2023 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის წინა დღეს გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო".

გალში "მილიციის" მიერ ცემის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს დამნაშავეთა დასჯას. 

თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე განცხადება სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არა მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.



ამავე თემაზე: 

ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი

საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, თუმცა არა - უკანონოდ დაკავების მცდელობას - სუს-ი




Print