რეგიონი
ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, მათ ამ საქმეზე განსაკუთრებული მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა ოჯახის სარჩელის დაკმაყოფილება ღირსების საქმეა და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

“მომეცა იმედი, რომ სხვა უსამართლობების შემთხვევაშიც ევროპული სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას, რომ რუსეთია დამნაშავე. ახლა უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ მკვლელი გადმოეცეს ქართულ მხარეს და დაისაჯოს”,- თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის 11 იანვარს პარტნიორ ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამავე თემაზე:

სტრასბურგმა ოთხოზორიას საქმეზე პასუხების გასაცემად მოსკოვს ვადა მარტამდე მისცა

გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა


Print