ახალი ამბები
კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით, არაფრის დამალვას არ ვაპირებთ - დე ფაქტო შს მინისტრი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა მინისტრმა" რობერტ კიუტმა გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, წერს "ეხო კავკაზა".

მისი განცხადებით, ე.წ. შსს - ს ყველა თანამშრომელი, რომლის ქმედება, შესაძლოა უკავშირდებოდეს კარბაიას სიკვდილს, სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოაშორეს, რათა ისინი ვერ ჩაერიონ "გამოძიების მიმდინარეობასა და ინსპექტირების ორგანოების მუშაობაში". მისი თქმით, შემოწმების შემდეგ, ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის შედეგები არის პროკურატურაში. ჩვენ ერთობლივ სამუშაოს ვაკეთებთ. ამ შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კიუტმა.

თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.

დე ფაქტო სუს - ის მიერ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის "მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას". განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ის "გაუარესებული ჯანმრთელობის გამო" მივიდა.

თემურ კარბაია, რომელიც 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, 16 დეკემბერს, გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს. 

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს ეფექტიანი გამოძიებისთვის მაქსიმალური ძალისხმევისკენ.

Print