ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა და ნალექმა ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამთენიისას დაწყებული ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა 60-მდე სახლი. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ადგილობრივი მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

"მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათეულობით სახლს გადახდილი აქვს სახურავები. ასევე, დაზიანებულია ელექტრო ბოძები და სადენები, წაქცეულია ხეები. მთელი ღამე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე, მერია დაზარალებულ ოჯახებს სტუმრობს და მიმდინარეობს ზარალის დათვლა", - განმარტავენ მერიაში.

ამავე ცნობით, გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. 

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ადმინისტრაციული ერთეულების უმრავლესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, ითვლიან ზარალს და ყველა დაზარალებულს გაეწევა შესაბამისი დახმარება.
Print