ახალი ამბები
ალბათ, დისტანციურ ფორმატზე გადავალთ - რესურსცენტრი რუხის საჯარო სკოლაში სწავლის განახლებაზე
რუხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, შესაძლოა, დისტანციური რეჟიმით განახლდეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.

"ჯერ არ ვიცით, როდის განახლდება სწავლა. ამ ეტაპზე შეწყვეტილია. დიდი ალბათობით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავალთ. დღეს ველოდებით განათლების სამინისტროს დასკვნას. მათი წარმომადგენლები იყვნენ, დაათვალიერეს და შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება. ახლა მიმდინარეობს დაპროექტება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ჯერ უნდა დაიწყოს სამუშაოები და შესაბამისად, გავარკვევთ, თუ როდის აღდგება სწავლა", - ამბობს ბულია.

მისივე თქმით, სკოლაში 680 მოსწავლე და 33 კლასია, მათი დიდი რაოდენობის გამო ვერ მოხერხდა ალტერნატიული ფართის გამოყოფა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება.

6 თებერვალს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა რუხის საჯარო სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი. იქ სასწავლო პროცესი ამ დრომდე სრულად შეჩერებულია.

Print