ახალი ამბები
წელს შეირჩევა კომპანია და დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - ირაკლი კობახიძე
"წელს შეირჩევა შესაბამისი კომპანია და დაუყოვნებლივ დაიწყება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაშიც სახელმწიფო თავადაც მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

"მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისკენ. ამავდროულად, მთავრობა იზრუნებს სხვა პორტების, განსაკუთრებით, ფოთის პორტის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე", - თქვა კობახიძემ.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა. 

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.
Print