ახალი ამბები
ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას გააუქმებენ
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბაიას მომხდარ ინციდენტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ფედერაცია მომხდარს ემიჯნება. კობიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში აკადემიის გახსნა უეფას პროექტით არ იყო გათვალისწინებული და მას მხოლოდ თბილისში უნდა ეფუნქციონირა.

„მშობლების და ბავშვების გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ იქ იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეულ დირექტორს არ დაუზუსტებია, თუ ვის გულისხმობდა „კონკრეტულ ჯგუფებში“.

კობიაშვილის განცხადება ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე, აკადემიის თანამშრომლებმა და მოსწავლეების მშობლებმა ერთად მოისმინეს. აღმოჩნდა, რომ უეფას პროექტის დეტალები მათთვის აქამდე უცნობი იყო. მშობლები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, უეფას პროგრამის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

„ეს ბავშვები დღეს ჰაერშია არიან, არ ვიცით სად წავიყვანოთ და რა გვეშველება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა თამუნა ქავთარაძემ.

ზუგდიდში, 16 დეკემბერს, „ბაიას“ ბაზაზე ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მოსწავლეების მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიზეზად აკადემიის შესაძლო დახურვა იქცა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციამ ზუგდიდში სამი თვის წინ , უეფას პროექტის ფარგლებში, ბავშვთა აკადემია დააარსა, რომელშიც დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ირიცხებიან.

Print