ახალი ამბები
ადგილობრივი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ (ვიდეო)

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ და არსებულ სიტუაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან თხილის ღირებულების დარეგულირებას ითხოვენ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მონაწილეებთან ერთად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, ის მოსახლეობის თხოვნით მოვიდა და ვალდებული იყო მათ გვერდით მდგარიყო.

"ბრალდებები რაც მათ აქვთ, იცის მთელმა სამეგრელომ. ის, რომ გუბერნატორი შონია დათო შენგელიასთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში, ავიწროვებს მეწარმეებს და აკონტროლებს თხილის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანას, არსებობს ამის საფუძველი და ფაქტები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყო ამ ფაქტით".

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, პაატა ლაგვილავას განმარტებით, ბრალდება აბსურდულია და აქცია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. რაც შეეხება თხილის ფასს, მისი თქმით ამას მსოფლიოს ბაზარი არეგულირებს.

Print