ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილებისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდებას ითხოვს (ვიდეო)

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში სასმელი წყლით 111 ადამიანი მოიწამლა, აქედან 40-მდე მცირეწლოვანია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯე“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ საგანგებო ბრიფინგზე განახცადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვი ამჟამადაც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფასანძე განცხადებით პროკურატურას მიმართავს, რათა გამოძიებულ იქნას კორპუსების მშენებარე შ.პ.ს „დაგის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

„ჩვენი ორგანიზაცია იქნება ძალიან პრინციპული აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ბოლომდე დავეხმარებით დაზარალებულ ბავშვებს, თითოეულ დევნილს, რომლის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა“.
მისივე თქმით, ის მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს და უმოკლეს დროში, დევნილთათვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდებას ითხოვს.

თავის მხრივ, ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები შესაბამის სამსახურებს ჭაბურღილის გათხრის თხოვნით ისევ მიმართავენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე, მათ მხოლოდ პრობლემის დროულად გადაჭრა სურთ.
Print