ახალი ამბები
გარემოვაჭრეები დახმარებას პარლამენტს სთხოვენ (ვიდეო)
რამდენიმე აქციისა და პიკეტის შემდეგ 50-მდე გარემოვაჭერე მიკროავტობუსებით ქუთაისისკენ გაემგზავრა. „ადგილობრივი თვითმმართველობა ყურადღებას არ გვაქცევს, ქუთაისში დეპუტატებს მაინც მივაწვდენთ ხმას“, - აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მათ პრობლემების მოგვარებას პარლამენტი შეძლებს.

გარემოვაჭრეებმა, პროტესტის ნიშნად, ფეხით მსვლელობა დილიდან დაიწყეს. დროდადრო ისინი გზის გადაკეტვით ზუგდიდი თბილისის მთავარ მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობას აფერხებდნენ.

სამართალდამცველების მიერ გზის გათავისუფლების მცდელობისას აქციის ორი მონაწილე ცუდად გახდა, მათ გზაშივე აღმოუჩინეს საწრაფო დახმარება.

გარემოვაჭრეებმა სოფელ ჭითაწყარამდე საპატრულო პოლიციის თანხლებით იარეს, შემდეგ კი უკვე მიკროავტობუისებით განაგრძეს გზა.

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.

გუშინ ისინი ქალაქის მერსა და მის მოადგილესაც შეხვდნენ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგა.
Print