ახალი ამბები
ლევან შონია დაზარალებულ მუშებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში, ფახულანის გზის მშენებლობაზე დასაქმებულ 7 ადგილობრივ მუშას შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მუშები კომპანია „NEW CONSTRUCTION”-ს ხელფასს ედავებიან. მათი განმარტებით, კომპანიას თითოეული მათგანის 1000 ლარი მართებს, რასაც რამდენიმე თვეა ვერ ღებულობენ.
გუბერნატორი ამ საკითხზე მუშებს გაესაუბრა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

„არავის აქვს უფლება, თქვენი შრომით მოპოვებული მიითვისოს. თქვენ გააკეთეთ კარგი საქმე - სოფელს, რომელსაც ბოლო 30 წელია ავარიული გზა ჰქონდა დავუგეთ ახალი გზა, გაუყვანეთ სანიაღვრეები, ამ ყველაფრისთვის დახარჯეთ ენერგია და თითოეული თეთრი რაც ამ კომპანიას მართებს უნდა გადაიხადოს,“ - განაცხადა მან.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელი მალხაზ თორია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ.

რადიო "ათინათმა" აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მონაცემთა ბაზაში არსებულ ნომრებზე დაკავშირება ვერ მოახერხა.


Print