ახალი ამბები
ნარკოპოლიტიკის თემაზე ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხსენება საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯახუამ და ასოციაცია "ქსენონის" წარმომადგენელმა დავით დგებუაძემ გააკეთეს.

მიხეილ ჯახუას თქმით, შეიძლება ეს საკითხი არ იყოს პოპულარული, თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემაა, ასევე საინტერესოა პოლიტიკური პარტიების შეხედულებები და გეგმები ამ პრობლემასთან დაკვაშირებით. საიას ხელმძღვანელს არასწორად მიაჩნია ხელისუფლების მიდგომა ნარკოპოლიტიკის მიმართ და მოუწოდებს, რომ შეცვალოს დღეს მოქმედი რეპრესიული დამოკიდებულება და ის უფრო ჰუმანური გახადოს.

რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს ასოციაცია "ქსენონის" წარმომადგენელი დავით დგებუაძეც.

„ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს მეორად პრევენციაზე, რაც ზიანის შემცირებას გულისხმობს. ნარკოდამოკიდებული პირების მომართვიანობა დიდია, მაგრამ არსებული ნარკოპოლიტიკა ხელისშემშლელია,“ -აღნიშნა მან.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ატარებს დაიხვეწება და გამოსწორდება ის საკანონმდებლო ხარვეზები რაც არსებობს.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლის ნიკოლოზ ზარქუასთვის ყოვლად დაუშვებელია უმიზეზოდ ადამიანების დაკავება და ნარკოლოგიურში გადაყვანა. მისი აზრით, სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ინდივიდებზე, რაც შეეხება მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლელა ქებურიას თქმით, სახელმწიფომ უკვე გაიარა ეტაპი, როდესაც საჭირო იყო ამ კუთხით მკაცრი პოლიტიკის გატარება და ახლა დროა ხელისუფლებამ ლიბერალური მიდგომები განახორციელოს.


Print