ახალი ამბები
გამგეობა მარტოხელა ხანდაზმულთა შინ მოვლის პროგრამას იწყებს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობის და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ ერთობლივი პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას თქმით, აღნიშნული პროექტი მარტოხელა ხანდაზმულთათვის სახლ-კარის დასუფთავებას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში დახმარებას, ექიმის ვიზიტებს, საკვებით მოამრაგებას და სხვა მომსახურებას მოიცავს.

,, პროექტი გულისხმობს 30 ბენეფიციარის შინ მოვლას. წინასწარ არის შერჩეული ოჯახები, ჩვენ ყველა ოჯახში ვიმყოფებოდით. თუ რას საჭიროებენ ეს ოჯახები უკვე დაზუსტებულია და შესაბამისი განრიგის მიხედვით ვივლით ყველა ოჯახში. პირველი ვიზიტი ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი ’’,- თქვა რევიამ.

გამგებელის ლაშა გოგიას თქმით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ პასუხისგებლობას მუნიციპალიტეტი აიღებს.

,, ეს ახალი პროექტია, რომელც 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ კი მუნიციპალიტეტი აიღებს ვალდებულებას და ეს პროგრამა გაგრძელდება’’- განაცხადა გოგიამ.



შეხვედრის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა, პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი დაათვალიერეს.

,, ეს იქნება ავტომობილი, რომელშიც იქნება დამონტაჟებული სარეცხი მანქანა, ასევე სამეურნეო საჭიროებებსთვის აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მისცემს მათ საშუალებას გაიუმჯობესონ თავიანთი საცხოვრებელი პირობები“, - თქვა პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2016 წლის მაისში გამგეობაში მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მუშაობა. შემდგომ კი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. წარდგენილი 13 განაცხადიდან ჯამში 4 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინმოვლის პროგრამა, რომელიც გამგეობას ეკუთვნის.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN პროექტს ზემოაღნიშნულ პროგრამას ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია მოწყვლადი კატეგორიებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა.

Print