ახალი ამბები
მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა (ვიდეო)
,,უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა’’- ასე უპასუხა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვილებებთან დაკავშირებულ კითხვას,რომელთა თანახმად შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ თოდუამ დეპუტატს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ხალხის უარყოფით განწყობაზე, რომელიც თვითთმმართველობის რეფორმას მოჰყვა.

ქვარაიამ მას უპასუხა, რომ საჭირო იყო მეტი ინფორმირებულობა, რათა საზოგადოებს გაეგო, რომ საშინელი და ტრაგიკული ამაში არაფერია. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო, რომ არჩევნებამდე არ გატარებულიყო აღნიშნული რეფორმა.

,,შემდგომში, ალბათ, ეს იქნება კარგი მაგალითი იმისთვის, რომ არჩევნების წინა პერიოდში არ მოხდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ვერც გაიგო, რა ხდებოდა. შევეგუოთ იმას, რაც მოხდა, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და მეც მზად ვარ ვიმუშავო თქვენთან ერთად. დემოკრატიასთან რა შუაშია მმართველობითი რგოლის შეცვლა, თუ გამჭვირვალე იქნება თვითმმართველობის საქმიანობა’’- თქვა ქვარაიამ.

პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიშს აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს. ის, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს.

ფოტო: ქალაქ ზუგდიდის საკრებულო

Print