ახალი ამბები
ბათუმის სასტუმროში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველიც. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები,"- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე,მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Print