ახალი ამბები
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

”საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ”ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Print