ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ზუგდიდში კონცერტს გამართავს
პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს საქართველოს 5 რეგიონის 7 ქალაქში ჩაატარებს, მათ შორის თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში.




კონცერტებში კამერულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები მიიღებენ. „სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თეა მუქერიას თქმით, მათ საინტერესო გამოცდილების მიღების საშუალება მიეცემათ.

„მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი პირველ რიგში ბავშვებისთვის - ისინი როგორც სოლისტები, ასევე როგორც ორკესტრის წევრები წარდგებიან მსმენელის წინაშე. სხვათა შორის ზუგდიდიდან ერთი ჩელისტი გვყავს.მნიშვნელოვანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ აკადემიურ ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას, თორემ ცოტა სავალალო მდგომარეობა გექნება თუ ამ ყველაფერს სერიოზულად არ მოვეკიდებით“, - აღნიშნა მან.

ტურნეს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები შემდეგი განრიგით გაიმართება: 16 აპრილს მცხეთაში, 23 აპრილს სტეფანწმინდაში, 24 აპრილს დუშეთში, 25 აპრილს ზუგდიდში, 26 აპრილს ქუთაისში, 27 აპრილს თელავში და 4 მაისს რუსთავში.

კონცერტებზე, როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები შესრულდება.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართელოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში.




Print