ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ თვეების წინ შეიტანა.

„გულუას პარკი და თაუნ პარკი, მეოთხე საჯარო ბაღი, რუხში გლეხებისთვის მიწების წართმევის ფაქტები, ყინულის სახლი, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილების პრობლემა - ეს არის საქმეები, რომელშიც კონკრეტული პირები ფიგურირებენ და რაც ასახული გვაქვს ჩვენს განცხადებაში. მე დამიკავშრიდა გამომძიებელი და დამიბარა დაკითხვაზე. როგორც ვიცი, დაიკითხება ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც მითითებული გვყავს. საქმე ეხება გუბერნატორ ლევან შონიას, მერს ლაშა გოგიას და ვიცე მერს გია გულორდავას. არც გვქონდა იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას, თუმცა, როგორც ჩანს, რუსთაველზე შეკრებილმა ათასობით ადამიანის პროტესტმა მისცა ბიძგი. ამ საქმეებზე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ გამოძიების დაწყება, შესაძლოა, გახდეს ტენდენცია იმისა, რომ ქვეყანაში გამოიძიონ გახმაურებული საქმეები და დაისაჯონ მაღალჩინოსნები“, - აღნიშნა წითლიძემ.

ის ჩვენების მიცემას და გამოძიებისთვის დოკუმენტაციის წარდგენას მომავალ კვირაში გეგმავს.

Print