ახალი ამბები
ზუგდიდში აჯიკის ფესტივალი გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე, საუკეთესო აჯიკის და სხვა ქართული პროდუქტის გამოსავლენად საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. კონკურსში ერთმანეთს სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთის და კახეთის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან. მათ მიერ მომზადებულ აჯიკას კი სპეციალური ჟიური შეაფასებს. ღონისძიების ორგანიზატორის ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის ნომინაციებია: წითელი აჯიკა, მწვანე აჯიკა, საწებელი, სვანური მარილი, ინოვაციური პროდუქტი აჯიკით და ტყემალი.


მათივე თქმით, კონკურსის გამარჯვებულის რეცეპტით დამზადებული და შეფუთული პროდუქტი 1 წლის განმავლობაში გაიყიდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტზე გავა.

„ზუგდიდი გამოვაცხადეთ აჯიკის დედაქალაქად. წელს პირველად ტარდება აჯიკის ფესტივალი და გვყავს 20-მდე მონაწილე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა.  ჩამოტანილი აქვთ რვა ნომინაციისთვის სხვადასხვა პროდუქტი, რაც ზრდის კონკურენტუნარიანობას, რადგან საუკეთესო აჯიკის სტატუსის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან სვანი, იმერელი, მეგრელი და კახელი მეაჯიკეები“, - თქვა  ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბარათაშვილმა.


გარდა ამისა, ამავე კონკურსზე, საქართველოში  პირველად, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ" ფესტივალზე წარმოადგინოს და ევროპის თასისთვის იასპარეზოს.

ღონისძიების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფესტივალები მათ  პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარებათ.



„ჩამოვედით თბილისიდან, მაგრამ წარმოშობით ვართ აფხაზეთიდან და წარმოდგენილი გვაქვს ძველი აფხაზური, ტრადიციული, დიდი ბებიის დანატოვარი რეცეპტით მომზადებული აჯიკა. ნიგვზით და ბექონდარათი. ასევე ვიღებთ მონაწილეობას ნომინაციაში: მწვანე და წითელი აჯიკა“, - ამბობს თამარ ნიჟარაძე.

კონკურსის გამარჯვებულს ხუთკაციანი ჟიური ხვალ გამოავლენს.


„ძალიან მნიშვნელოვანია აჯიკა, როგორც პროდუქტი დაკავშირებული არის სამეგრელოსთან. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ იციან ევროპაში. ორგანიზატორების მიზანი არის, რომ გაიტანონ ეს ინფორმაცია ევროპაში და საზღვარგარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. აქ არც ძალა და არც ენერგია არ უნდა დაიშურონ, იმისთვის, რომ ეს ტენდენცია დამკვიდრდეს“, - აღნიშნა ჟიურის წევრმა, მზარეულმა მანუელ  ფაუნდეს ბარანდამ.

ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია ,,სუნელი", რომელიც ქართველებმა რამდენიმე წლის წინ ინგლისში დააფუძნეს.
Print