ახალი ამბები
ჩვენ ვირჩევთ სალომეს ბაბუას თუ სალომეს? - მოქალაქე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს თავისუფალ სივრცეს უთმობს. პირველი შეხვედრა მოქალაქეებთან სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა გამართეს. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ღირსებებსა და მიღწევებზე საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილს ევროპული ღირებულებების, წარმომავლობის, დიპლომატიური გამოცდილებისა და პრინციპულობის გამო უჭერენ მხარს. მათ მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

alt

„სხვებისგან განსხვავებით, სალომემ ევროპული საარჩევნო პროგრამა აქვს. შესაძლებელია, ზოგიერთი ნაბიჯი არ იყოს პოპულარული, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიქრის შედეგია. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პრეზიდენტის უფლებამოსილებები ზუსტ შესაბამისობაშია სალომეს გამოცდილებასთან და მის საარჩევნო პროგრამასთან “,- თქვა კანდიდატის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა რუსუდან პაჭკორიამ.

შეხვედრაზე მოეწყო სალომე ზურაბიშვილის წიგნის „საქართველოსკენ“ მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც მისი წინაპრების ცხოვრებას, საქართველოდან მათი გადასახლების ისტორიას ასახავს.

alt

გამომსვლელებს კითხვებით მიმართა მოქალაქე ცაბუნია ვართაგავამ, მათ შორის, ის დაინტერესდა იმით, თუ რატომ ეთმობა ამდენი ყურადღება სალომე ზურაბიშვილის წინაპრებს, მაშინ, როდესაც ქვეყანა ირჩევს არა პრეზიდენტობის კანდიდატის ბაბუას, არამედ თავად კანდიდატს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი კარგი დიპლომატია, მაშინ რატომ იყენებენ მის წინააღმდეგ ოპონენტები რუსეთ-საქართველოს ომზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

alt

აღნიშნულ კითხვებზე პასუხისას, რუსუდან პაჭკორიამ აღნიშნა, რომ რთულია საქმის გადაწყვეტა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მან მაგალითად სასამართლო პროცესი მოიყვანა, როდესაც „ორივე მხარე წარმოადგენს კონტრარგუმენტების და აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს მოსამართლის შინაგანი რწმენა“.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს.

„რაც შეეხება კითხვას, ხომ არ ვირჩევთ სალომეს ბაბუას? დიახ, ვირჩევთ ბაბუასაც, იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს წარსულს, აწმყოს ვუკავშირებთ მას და ეს აუცილებლად დაკავშირებული იქნება მომავალთან... არაპირდაპირი გაგებით, ეს შეიძლება იყოს ბაბუის არჩევაც. რაც შეეხება ომის დაწყებასთან დაკავშირებულ თემას, ამ კითხვაზე პირველს სალომე ზურაბიშვილს არ გაუცია პასუხი და ეს დაფიქსირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში“, - თქვა პაჭკორიამ.

alt

რაც შეეხება ქალთა უფლებების დაცვის კუთხით დასმულ კითხვას, გაუკეთებია თუ არა სალომე ზურაბიშვილს ქალების დასაცავად რაიმე სახის განცხადება, მისმა მომხრეებმა თქვეს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატისგან ქალისა და კაცის გაყოფა არ არის კარგი ტონი“.

„მაშინ ქალების უფლებების დამცველი პრეზიდენტი გვეყოლება და კაცების უფლების - არა“, - აღნიშნა ზურაბიშვილის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა ნანა თოდუამ.

შეხვედრა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში,საარჩევნო მედია ცენტრის ფარგლებში გაიმართა.


Print