ახალი ამბები
TI- ის "სამოქალაქო საბჭოს" მიერ გამოვლენილი საჭიროებები წარმოადგინეს (ვიდეო)
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა  მათ მიერ მოკვლეული პრობლემები დაასახელეს, რომელთა გათვალისწინებასაც ისინი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ითხოვენ. ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სოფლებში არსებული პრობლემები ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილმა "სამოქალაქო საბჭომ" გამოავლინა.

"სამოქალქო საბჭოს" მიერ გამოვლენილი საჭიროებები უმეტესად სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ეხება. ამავე ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი გზის საფარის დაგებას, ავტობუსების პარკის განახლებას, ზებრა გადასასვლელების თავიდან მოხატვას, საბავშვო ბაღების, სათამაშო მოედნების, სკვერებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითხოვს.



"ჩვენ ამ დეტალური ჩამონათვალი, რომელსაც დღეს გამოვაქვეყნებთ, მივაწოდეთ მერიასაც და საკრებულოსაც. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს მათ, რომ გაითვალისწინონ მოქალაქეთა ეს ინტერესები და ასახონ ისინი მომდევნო წლის ბიუჯეტში. მით უმეტეს, მათ უნდა ჰქონდეთ პროგრამული ბიუჯეტი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მუხლების დეტალიზებული ჩაშლა მოხდეს", - ამბობს არჩილ თოდუა.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყო. ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 34 მილიონ 500 ათასი (ოცდათოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით განისაზღვრა.



Print