ახალი ამბები
ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს "ჯეო ნათსი" ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საწარმოში 1,558,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 779,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ახლად გახსნილი საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, გახსნა.

საწარმოში წელიწადში 7,000-10,000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

Print