ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ზუგდიდის სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ. შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით კონკრეტული პირები ამომრჩევლებს აშინებენ და ცდილობენ მათ მოსყიდვას.

ოპოზიციის ინფორმაციით, სოფელ რიყეში პირადობის მოწმობების სანაცვლოდ შეშას არიგებენ, რასაც ორგანიზებას სამეგრელოში სატყეოს უფროსის მოადგილე მამუკა გაბელია უწევს



ქარდავა ასევე სოფელ შამგონაში ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლის რევაზ გაბუნიას მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს.

"სოფელში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ხმას ზურაბიშვილს არ მისცემენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. გარდა ამისა, სოფელ ჯიხაშკარში გამგებელი ავთანდილ მარღია ამომრჩევლებს ფქვილს ურიგებს, ასევე სოფელ ჭაქვინჯში არის მოსყიდვის ფაქტები", - თქვა ქარდავამ. 

მან ჟურნალისტებს ზურაბიშვილის შტაბის წინ გადაღებული კადრები აჩვენა, რომელშიც მამუკა გაბელია და პოლიციის პიკაპებზე დალაგებული შეშა ჩანს.

Print