ახალი ამბები
არტ-გალერეაში ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ გამოფენა გაიხსნა
ზუგდიდის არტ-გალერეა ევროპელი მშვიდობისმყოფელის და მწერლის ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო-გამოფენას ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. 40-მდე ფოტოზე,  ძირითადად, მისი საქართველოში ცხოვრების წლებია აღბეჭდილი. ღონისძიება ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა „ნდობა მშვიდობისთვის“ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამართა.



„ჩვენი მიზანია გამოვკვეთოთ ქართულ-ავსტრიული ურთიერთობები და დავაფიქსიროთ, რომ ეს ურთიერთობები დაიწყო საუკუნეების წინ. ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრება ცხადყოფს და ადასტურებს იმას, რომ ძალიან მჭიდროა ზუგდიდის კავშირი ევროპასთან“, - აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სალომე ადამიამ.

დღესვე,  მოსწავლე-ახალგაზრობის სასახლეში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც შვიდი პრეტენდენტია წარდგენილი, მათ შორის, ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია.



ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

Print