ახალი ამბები
უგულავა ენგურის ხიდზე: ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და უმუშევრობა მთავარი გამოწვევებია
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და უმუშევრობა, თითქმის, სამი ათეული წელია, ქვეყნის მთავარი გამოწვევების სამეულია - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ენგურის ხიდთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის გაერთიანებისთვის მთავარი გარდამტეხი ცვლილებებია და სწორი პოლიტიკა, რომელსაც დღეს მმართველი გუნდი არ აწარმოებს.

„ამ გზაგასაყარზე, სადაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში რას ვთავაზობთ ჩვენს ხალხს გაერთიანებისთვის. პირველი ამისთვის აუცილებელი წინაპირობა არის, რომ ჩვენ ვაღიაროთ ის ტკივილი, რა ტკივილიც არსებობს იქით და რომ იქითა მხარემ აღიაროს ის ტკივილი, რა ტკივილიც მოგვიტანა ამ ომმა. დრო კურნავს ამ ტკივილს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს გვჭირდება დაფიქრება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვჭირდება ძალის გამოყენება ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად, ჩვენ გვჭირდება სწორი, აქტიური, პროდასავლური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწარმოებს. ჩვენი ძალა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ამაშია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გარდამტეხი ცვლილებებზე, იმიტომ რომ ეს ეპოქა დგება , ფანჯარა შესაძლებლობების იხსნება და საქართველო უნდა იყოს მზად ამ დროს. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საპირისპიროა. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც თავად აფხაზები და ოსები გააცნობიერებენ იმას, რომ პრაგმატულად მათთვის აღარ არის მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა და მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - თქვა უგულავამ.

უგულავა ენგურის ხიდთან მხარდამჭერებთან და პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. მათ კონფლიქტისპირა სოფელ რუხში მცირე მსვლელობაც მოაწყეს ბანერით „რუსეთი ოკუპანტია“.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა.

Print