ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 27 ზუგდიდში 
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით 459 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და მათგან 40 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 27 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, 3 ფოთში, 3 სენაკში, 4 კი წალენჯიხაში. გარდა ამისა, Covid-19 დაუდგინდა აფხაზეთიდან რუხის კლინიკაში გადაყვანილ 2 პირს.

"27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 17 კი ახალი შემთხვევებია. ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 3-3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთსა და სენაკში, მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიცირების წყაროების მოძიება. ასევე, 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 1 უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო 2 კი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ", - თქვა მალხაზ თორიამ.

ბოლო მონაცემებით რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პირი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში 158 ადამიანი იმყოფება.
Print