ახალი ამბები
ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.

კამპანიის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე მნიშვნელოვან ობიექტებზე თემატური სტიკერები გააკრეს.  

"ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულად, მიუხედავად თავისი ასაკის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, განათლებისა და რწმენისა. დაუშვებელია დისკრიმინაცია ადამიანებს შორის. ნულოვანი დისკრიმინაციის დღის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოში გლობალური სოლიდარობის მიღწევას, რათა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოხატულება. ასევე, მიმართულია საზოგადოებაში ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნისკენ, ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ასევე, ეს დღე მიმართულია ჩაგვრის აღმოფხვრისა და ტოლერანტული, მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებისკენ. ამ დღეს ვუსვამთ ხაზს დისკრიმინაციის უარყოფით შედეგებს, ხალხი თავის ისტორიებსა და ფოტოებს აზიარებს, რათა შეწყდეს დისკრიმინაცია", - ნათქვამია ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე 2014 წლის 1 მარტიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
Print