ახალი ამბები
საჯარო მოხეელეების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი გაიზრდება - ღარიბაშვილი
2023 წლის იანვრიდან საჯარო მოხეელეების ხელფასი 10%-ით, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი კი 20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება.

"გახსოვთ, რომ იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები გავზარდეთ 10%-ით. 2023 წლის ასევე იანვარში გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები იანვრიდან 20%-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. "ჯარის ქალაქი" სრულდება და უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით, საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ 1 000-ზე მეტ ჯარისკაცს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ "პოლიციის ქალაქის" მშენებლობას. 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასებისა და დანამატების, ასევე მანდატურების ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, იგეგმება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-ით მომატება.


Print