ახალი ამბები
სამზადისი ზუგდიდის ბაზარში - რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა (ფოტო, ვიდეო)
ახალი წელი,ზუგდიდი და ცხოვრება ზუგდიდთან ახლოს წარმოუდგენელია ერთი სივრცის გარეშე, რომელიც ქალაქისთვის ცალსახად სახასიათოა და მის მთავარი არტერიაც კი შეიძლება ვუწოდოთ. ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ადგილობრივებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მით უმეტეს ახალი წლის დღეებში. ყველა და ყველაფერი აქ იყრის თავს.
ყოველ წელს ბაზარში მომხარებლის რიცხვი უფროდაუფრო მცირდება. აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ მყიდველს ხშირ შემთხვევაში ფასიც აშინებს. კიდევ ერთი მიზეზი სიდუხჭირესთან ერთად ქვეყნიდან და რაიონებიდან ხალხის გადინებაა.

"ხალხი გასულია, ფულიც არ აქვთ, ფასებიც მომატებულია, გლეხსაც არ უღირს, რომ ნაშრომი იაფად გაყიდოს და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ წელს უფრო და უფრო ცოტა ხალხი მოდის. ხომ ხედავთ თქვენც,  ცარიელია ბაზარი,გაიგებენ ფასს და მიდიან," - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.


ფასები მომატებულია თითქმის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც საახალწლო სუფრისთვისაა საჭირო. ყველის ღირებულება 27 ლარიდან იწყება,ნიგვზის ფასი საშუალოდ 20 ლარიდან 30-მდე მერყეობს. ერთი ლიტრი თაფლის შესაძენად მინიმუმ 11 ლარი დაგჭირდებათ.

წინა წელთან შედარებით მომატებულია საქონლის, ღორის და ფრინველის ხორცის ღირებულებაც. ქათმის ხორცის ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება. ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება კი 18-25 ლარამდე მერყეობს, გაყინული ღორის ხორცის ფასი წელს მინიმუმ 11 ლარია, გოჭის კი 120 ლარიდან იწყება.

"ყველგან მაღაზიებია,სუპერმარკეტები, გარეთაც ხალხი ზის და ვინ უნდა შემოვიდეს, ჩვენ რასაც ვყიდით(ნიგვზის) ფასი მომატებულია, იწყება 18 ლარიდან, 22 ლარი, 28 ლარი, არ აქვს ხალხს ფული, ყველა გასულია საზღვარგარეთ და როგორ იქნება ხალხი,"- გვითხრა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრემ დიანა ჩუხუამ.

ყველაფერთან ერთად გაზრდილია ხილის და ბოსტნეულის ფასები. ვაშლის ღირებულება საშუალოდ ორი ლარია,კიტრის და პომიდვრის შესაძენად მინიმუმ 4 ლარი დაგჭირდებათ.

საშუალო ზომის ნაძვის ხის შესაძენად მინიმუმ 60 ლარი დაგჭირდებათ, თუმცა მცირე ზომის  ხელოვნურ ნაძვის ხის შეძენას 20 ლარადაც შეძლებთ, ჩიჩილიკების ფასი კი 5 ლარიდან იწყება.

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ მომხმარებლის სიმცირეს სუპერმარკეტების და ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების სიმრავლეც განაპირობებს.




Print