ახალი ამბები
სტიქიის შედეგები ფოთში - მერიის ინფორმაციით ძლიერმა ქარმა 184 კერძო სახლი დააზიანა
რამდენიმედღიანი სტიქიის შემდეგ ზარალის დათვლა ფოთში დასრულდა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქარმა 184 კერძო სახლი, 64 საცხოვრებელი კორპუსი, 6 საჯარო სკოლის და 3 ბაღის სახურავი დააზიანა. რეაბილიტაციას ექვემდებარება რამდენიმე სკვერი, ტროტუარები და გარე განათების ბოძები. 

"ეს დღეები მიმდინარეობდა ზარალის დათვლა, დღეისათვის შესაძლებელია ითქვას ზარალის 90% დათვლილია, ვიცით თანხის ოდენობა. სამუშაო თათბირზე დავსახეთ შესაბამისი გეგმები და ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ შედეგების ლიკვიდირება. შესაბამისად სამუშაოები უნდა განხორციელდეს სწრაფად და ეფექტურად, რათა მოსახლეობა იყოს მშვიდად. სამეგრელოში დაახლოებით 2840-მდე კერძო სახლია დაზიანებული, 93 საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ყველგან ყველაფერი აღდგენილია, რისთვისაც მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, ასევე მადლობას ვუხდი ცენტრალურ ხელისუფლებას იმ მხარდაჭერისათვის და სწრაფი რეაგირებისთვის, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდით", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სკოლებში ზარალის მასშტაბები დათვლილია. სასწავლო პროცესი კი არცერთ დაწესებულებაში არ შეფერხებულა.


Print