ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები "ევროპული საქართველოს“ შეფასებებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება, რომელშიც ის ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს უმოქმედობაში ადანაშაულებს, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.

"ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად შეიზღუდა "ქართული ოცნების" ძალაუფლების შეზღუდვა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური საკრებულოები დემოკრატიულ მოდელად ჩამოყალიბდა და ამ მოცემულობაში და ამ ფონზე ამ საკრებულოების დისკრედიტაცია ვის ინტერესებშია, საზოგადოება ძალიან მარტივად დაასკვნის და გაანალიზებს,"- უთხრა რადიო "ათინათს" გიგა ფარულავამ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ენმ-დან თემურ ბასილაია ფიქრობს, რომ გიგა ბოკერიას გუნდს სხვა პარტიების რევიზიის უფლება არ აქვს. "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ბასილაიაც დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
"დროებითმა ჯგუფმა 6 თვე იმუშავა ზუგდიდის საკრებულოში და დადო საბოლოო ანგარიში, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, ასევე გაეცნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ბატონი ბოკერიას და ბობოხიძის განცხადება რას ემსახურება, ჩემთვის ეჭვებს ბადებს. შიდა პარტიული არჩევნები გვაქვს და შეიძლება ამასთან იყოს ბმაში. საბიუჯეტო - საფინანსო კომისიამ ცალკე გააკეთა მოსმენები მერიის ყველა ქვემდებარე სტრუქტურის, მათ შორის ფინანსურ პრობლემებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით. ბატონ ბოკერიას და მის მეგობრებს საერთოდ ვინ დაავალა სხვა პარტიების რევიზია,"- უთხრა რადიო "ათინათს" ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ ბასილაიამ.

"ევროპული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია.

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 21 წევრი,პარტია "საქართველოსთვის" 3 წარმომადგენელი და "ქართული ოცნების" 20 დეპუტატია წარმოდგენილი.

ამავე თემაზე :


ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს "ევროპული საქართველო" არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს



Print