ახალი ამბები
#ზუგდიდიპოკროვსკისთვის-კამპანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად
​ზუგდიდში დაფუძნებული „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მედიკამენტების, საკვების, გენერატორების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ზუგდიდთან დამეგობრებულ ქალაქ პოკროვსკში გაიგზავნება.

"ძვირფასო პოკროვსკელებო, გწერთ წერილს საქართველოდან, თქვენი დამეგობრებული ქალაქ ზუგდიდიდან, პატარა ქალაქიდან რომელიც სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გვერდით. ჩვენ, ალბათ, ყველაზე უკეთ ვიცით, რა არის ოკუპაცია, ვიცით მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ასევე ვიცით გასაჭირში როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როგორი მცირედიც არ უნდა იყოს ის. მეგობრებიც ხომ სწორედ ამისთვის არსებობენ...", -  ასე იწყება წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოკროვსკის ადმინისტრაციას კამპანიის ინიციატორებმა მისწერეს.

ზუგდიდი და პოკროვკი დამეგობრებული ქალაქები 2013 წელს გახდნენ.
Print