ახალი ამბები
მესტიის საკრებულოს წევრის კომპანია ადგილობრივ შესყიდვებს იღებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა
მესტიის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს "ბუილდერ 21"-მა ადგილობრივი შესყიდვებიდან 1,212,404 ლარი მიიღო, მათ შორის 578,898 ლარი - ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. ამ თემის შესახებ კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჩაატარა.

შპს "ბუილდერ 21" 2019 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 85% წილის მფლობელი ბაჩუკი ნაკანი იყო. 2022 წლიდან ნაკანი მესტიის საკრებულოს წევრად აირჩიეს, კომპანიის კუთვნილი წილი კი საკუთარ ძმას ლაშა ნაკანს უსასყიდლოდ გადასცა. 

ირკვევა, რომ შპს "ბუილდერ 21" მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში მონაწილეობს.8 ტენდერიდან, 6 შემთხვევაში  კონკურენციის გარეშე მოიგო. მიღებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 490,591 ლარი შეადგინა. მათ შორის 3 ტენდერი "ბუილდერ 21"-მა ბაჩუკი ნაკანის საკრებულოს წევრად არჩევის შემდგომ მოიგო, საერთო ღირებულებით 305,925 ლარი.

შპს "ბუილდერ 21"-ს მიღებული აქვს 10 გამარტივებული შესყიდვაც, რომელთაგან 9 მესტიის მერიაზე, ერთი კი მესტიის N1 საჯარო სკოლაზე მოდის. ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებაა 721,813 ლარი, მათ შორისაა 272,973 ლარის 4 გამარტივებული შესყიდვა, რომელიც კომპანიამ ბაჩუკი ნაკანის საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ მიიღო,"- ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში. 

რადიო "ათინათი" მესტიის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. კაპიტონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ ავსტრიაში მივლინებით იმყოფება, ბაჩუკი ნაკანის და შპს "ბუილდერ 21"-ის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.






Print