ახალი ამბები
ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს დავა ყველა ინსტანციაში მოუგო
უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის 12 800 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას შენგელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქმე ეხება 2020 წელს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებას, რასაც მისი ოჯახის მიმართ პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. 

შენგელიას განცხადებით, მიღებულ თანხის ნაწილს ზუგდიდის მე-6 სკოლაში გადარიცხავს, რომლის დირექტორიც  ია კერზაია იყო. 

"გუშინ დამირეკეს უზენაესი სასამართლოდან, საბოლოოდ მოვიგე დავა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, 2020 წელს სანოტარო საქმიანობა უკანონოდ რომ შემიჩერეს, აი, იმ საქმეზე. 12 800 ლარის გადახდა დაეკისრათ. ეს ამბავი იას წინააღმდეგ დაწყებული დევნის გაგრძელება იყო უკვე ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ თანხას მე-6 საჯარო სკოლაში გადავრიცხავ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სკოლას არჩეული დირექტორი ეყოლება (გამოცდა უკვე ჩატარდა და იმედია ეს საკითხი მალე გადაწყდება. თუ რატომ ასე, ამაზე სხვა დროს). ნაწილს ახალკახათის საჯარო სკოლაში ჩავრიცხავ, რომელიც იამ დაამთავრა."- წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა 2020 წელს აუკრძალა. შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.


Print