ახალი ამბები
მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“
"ჩემს თვალში მანდ ზის ცხოველი. გასროლის ხმაზე ყველას შეეშინდებოდა მაგის გარდა",- ასე უპასუხა მოწმე ანა ფიფიამ ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესზე ადვოკატის იოსებ ჯანაშიას კითხვას თავდასხმის დღეს ბანკში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, რეპლიკით გასცა პასუხი ბრალდებულმა მოწმეს და მიმართა: "სარკე არ გაქვს სახლში?".

ადვოკატმა ფიფიას ასევე ჰკითხა, საიდან იცის დაზუსტებით, რომ თავდასხმა ესებუამ განახორციელა, რაზეც მან თქვა, რომ, სხვა შემთხვევაში, ბრალდებული სასამართლოში არ იქნებოდა. მისივე თქმით, მის თვალში ბრალდებული დამნაშავეა.

ანა ფიფიამ ასევე განმარტა, რომ ის საქართველოს ბანკში 2020 წლის 21 ოქტომბერს საბანკო ოპერაციის მომსახურების მიზნით მივიდა, თუმცა თავდამსხმელი არ უნახავს, რადგან შეჭრის დროს მეორე სართულზე იყო, შემდეგ კი ვერანდაზე გავიდა, საბოლოოდ კი, ამწე საშუალებით ტერიტორია დატოვა.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი

ბადრი ესებუას პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

Print