ახალი ამბები
"კადრებით აღბეჭდილი რუსული აგრესია" - უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა ზუგდიდში
ზუგდიდის ბულვარში, "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით, უკრაინის ომის ამსახველი ფოტო მასალის გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის რუსული აგრესიის შედეგების შეხსენებაა. ასევე, გამოიფინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოები.

"ზუგდიდის ბულვარში უკრაინის ოფის ფოტოები გამოვფინეთ, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ გაასწორა ოკუპანტმა ქვეყანამ მიწასთან უკრაინული ქალაქები და დააზარალა მოსახლეობა. ასევე გამოვფინეთ დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოები. ეს ღონისძიება იყო ერთგვარი შეხსენება მოსახლეობისთვის იმისა, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის გზით სიარული, რაც ცხადად გვანახებს, თუ როგორ გვჭირდება ევროპისკენ სვლა,"- უთხრა რადიო "ათინათს" "ლელოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა სოფო შამუგიამ.

გამოფენილი ფოტოები ღონისძიების ორგანიზატორებს უკრაინის საელჩომ მიაწოდა.
Print