ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატი, დარიკო არქანია ზუგდიდის სპორტკომპლექსის საქმეზე პროკურატურას მიმართავს
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა, დარიკო არქანიამ სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს შეჩერებული პროექტით და გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ცრუ დაპირება გასცა, როცა ზუგდიდში სპორტკომპლექსის და სტადიონის აშენება დააანონსა.

"პროკურატურას აუცილებლად მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და ზუგდიდელებს უნდა გასცეს პასუხი, რატომ ამყოფებს ქართული ოცნება ზუგდიდელებს მუდამ "ოცნებებში" და რატომ არის ქალაქში ამდენი დაუსრულებელი პროექტი, რომელიც ბოლომდე არ შესრულდა. ქართული ოცნება ყოველთვის, წინასაარჩევნოდ იძლევა ცრუ დაპირებებს ხმების სანაცვლოდ, რომელსაც ან იწყებს მშენებლობას და არ ასრულებს ბოლომდე, ან ასრულებს, მაგრამ არახარისხიანად. ამის ცოცხალი მაგალითი ზუგდიდში ბევრი გვაქვს. ამის ნათელი მაგალითი არის ზუგდიდის სტადიონი და კიდევ ბევრი დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები. ამის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო პროკურატურას, დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება და ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ გაგვცეს პასუხი და გაგვაგებინონ, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი და მიეცეს პასუხისმგებლობაში" - განაცხადა ბრიფინგზე დარიკო არქანიამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ზუგდიდში, სპორტკომპლექსის ასაშენებლად უკვე მესამედ, 2 მარტს გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით განხორციელდება.

ზუგდიდის სპორტკომპლექსი ექსპლუატაციაში 2022 წლის სექტემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეჩერდა.

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სპორტკომპლექსის დასასრულებლად ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ
Print