ახალი ამბები
,,წამალი ფუფუნება არ არის'' ,,გადაარჩინეთ ბავშვები'' - ზუგდიდში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ზუგდიდელმა დედებმა ხელისუფლებას მოზარდების დახმარებისკენ მოუწოდეს. ისინი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და წამლის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას მოითხოვენ. 

,,ჩვენ დღეს ვდგავართ მშობლები მშობლებისთვის, მედიკამენტი რომელიც ლიცენზირებულია ბევრ ქვეყანაში, აუცულებელია, რომ დროულად იყოს შემოტანილი საქართველოში, რადგან თითოეული ბავშვის სიცოცხლისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველი დღე, ყოველი წუთი მათი ჯანმრთელობისთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი, თუ წამალი არ იქნება დროულად ჩვენს ქვეყანაში. ვთხოვ ყველას, რომ ეს ყველაფერი გულთან მიიტანოს, რეალურად ისე გამოდის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აქცია იქნება თუ რაღაც მოთხოვნა, ყოველთვის არის სახვეწნი და რაღაც მიდის ისე, რომ ყოველთვის მშობლები ითხოვენ შვილებისთვის, რეალურად სახელმწიფო ვალდებულია თითოეულ ბავშვს დაეხმაროს'', - უთხრა რადიო ,,ათინათს'' აქციის ერთ - ერთმა მონაწილემ ნათია სახოკიამ.

მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „წამალი ფუფუნება არ არის“ , „გადაარჩინეთ ბავშვები“, ,,სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თითოეულ ბავშვზე’’, ,,წამალი ბავშვებს’’  და სხვა.

,,სოლიდარობას ვუცხადებთ ბავშვებს და იმ მშობლებს, რომლებიც ითხოვენ მედიკამენტს, მედიკამენტი არ არის მართლა ფუფუნება და იმ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ, უნდა აწვდიდეს სახელმწიფო. ჩემა შვილსაც, რომელსაც აქვს იშვიათი დაავადება ,,ეპილეფსია'' ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც არ არის საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებული, ამიტომაც ჩვენც ევროპიდან შემოგვაქვს ნათესავებუს და მეგობრების დახმარებით. ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ მშობლის და ბავშვის, რომელიც უკვე ერთი კვირაა ქუჩაში დგას და მეც მინდოდა ჩემი მხარდაჭერა გამომეხატა ამ კუთხით'', - გვითხრა ნათია ქარბაიამ.

სოლიდარობის გამოსახატად, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე მშობლების აქციას სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აღნიშნული მოთხოვნით აქცია თბილისში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა





Print