ახალი ამბები
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის პროვოკაციად აფასებს და უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერი პუტინის გადაწყვეტილებას~ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პროვოკაციას უწოდებს.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან უსაფრთოხების საბჭოს შეკრება მოითხოვა.

„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვოკაცია? შესაძლებელია, ერთის მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის, ბახმუტში - არ ვიცი, როგორ უნდა დავახასიათო, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას. შესაძლოა, ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გუშინ გაცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ. ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში, პარტიებს შორის, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში დაძაბულობას არ გამოიწვევს - გამოიწვევს რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა ისტორიასა და მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დათმობებზე დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაართულებს მდგომარეობას. ეს არის მისი ქცევის მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაა. ჩემი პოზიცია „ტვიტერზე“ გამოვხატე. მიმაჩნია, რომ უადგილოა, უდროოა. ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი. მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Print