ახალი ამბები
წალენჯიხის სოფელ ეწერ - ფერდში სასმელი წყლის და გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
წალენჯიხის სოფელ ეწერ - ფერდში, სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. ადგილობრივების ინფორმაციით სოფელში სასმელი წყლის პრობლემა უკვე წლებია არსებობს.

გარდა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისა, სოფელ ეწერ - ფერდის მოსახლეობა გზების მოწესრიგებას ითხოვს, მათი თქმით რამდენიმე უბანში უამინდობის დროს, გზები ირეცხება და გადაადგილება რთულდება.

" ძალიან მაწუხებს, რომ ჩემ უბანს არ აქვს გზა და წყალი. ვმუშაობ ბაღში, როცა ცუდი ამინდია გაიარეთ და ნახეთ რას ჰგავს გზა, მგონი სხვა არცერთ სოფელში არ არის ასეთი სიტუაცია. ძლივს მივდივართ სამსახურში ფეხით, როცა ცუდი ამინდია ბავშვები არ მყავს ბაღში. როცა წვიმს სასმელი წყალი არ გვაქვს. ვითხოვთ, რომ მოგვხედონ და მოგვაქციონ ყურადღება,"- განაცხადა აქციის ერთ - ერთმა მონაწილემ ნინო მოსიძემ.

აქციის მონაწილეებს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია შეხვდა. მისი თქმით სოფელ ეწერ - ფერდში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია და საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

" ეწერ - ფერდის მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები. ეს არ არის მხოლოდ უწყლობა და გზა. ეს არის მემკვიდრეობა რომელიც მივიღეთ სამწუხაროდ. რეგიონული განვითარების ფონდმა 4 450 000 ლარით დააფინანსა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. გათვალისწინებული იყო 9 პროექტი და ყველა მათგანი განხორციელდა. გზების მოხრეშვა არ არის გამოსავალი რადგან რეგიონი არის უხვ ნალექიანი. ჩვენ პირველ ეტაპზე ვგეგმავთ გზების მოხრეშვას. მეორე ეტაპზე კი რეგიონული განვითარების ფონდისთვის იქნება წარდგენილი პროექტი და დაიწყება გზების კაპიტალური რეაბილიტაცია,"- განაცხადა წალენჯიხის მერი მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

ეწერ - ფერდში აქცია უკვე დასრულდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

Print